Back To Top
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მაღაზიამ უარყო ქართული საბანკო ბარათი და ღირებულების ეკვივალენტი თანხა კი გადავიდა წინასაავტორიზაციო ბლოკირებაში?
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თავად მაღაზია არ ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს. ამაზე პასუხისმგებელია საბილინგო განყოფილება, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ბანკთან. ხდება მონაცემების, ბარათის წარმომავლობისა და მფლობელის გადამოწმება (თუმცა არის მაღაზიები, რომლებიც ამ ნიუანსების გვერდის ავლით ახდენენ ანგარიშსწორებას).
ბილინგ მისამართის შევსებისას აუცილებელია მიეთითოს საბარათე კონტრაქტში დაფიქსირებული მონაცემები იმ ვებ მაღაზიებისათვის, სადაც ჩამონათვალში არის ქვეყანა საქართველო. სხვა დროს, როგორც ვიცით, ბილინგისა და შიფინგის მისამართები ივსება გადამზიდის მიერ მონიჭებული რეკვიზიტებით , თუმცა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის თანხის ბლოკირების რისკი (თუ ბარათი უარყო მიმღემბა სისტემამ). წინასაავტორიზაციო ბლოკირების მინიმალური ვადა საბანკო კანონის მიხედვით არის 1 თვე. ამ ხნის განმავლობაში მიმღებს აქვს უფლება ჩამოჭრას თანხა და განახორციელოს შეკვეთა. თუ თქვენ გსურთ, რომ ფული დაბრუნდეს ხელმისაწვდომ სტატუსში მითითებულ ვადაზე ადრე, საჭიროა მაღაზიისაგან მოითხოვოთ წერილობითი დასტური, რომ შეკვეთა არ შედგა/სახსრები უარყოფილია (თუ ასეთი ინფორმაცია არ იგზავნება მაღაზიის მიერ ავტომატურად). წერილს წარადგენთ თქვენს ბანკში და შეძლებისდაგვარად ეცდებიან აღმოგიჩინონ დახმარება, დამოკიდებულია ბანკზე.
თუ შეკვეთა განხორციელდა წარმატებით თქვენი თანხა წინასაავტორიზაციო ბლოკირებიდან გადავა ამონაწერში (ჩამოიჭრება) რამდენიმე დღის შემდეგ, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინტერნეტის საშუალებით ონლაინ ბანკინგში.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეიძინეთ პროდუქტი და აღარ გსურთ მიღება ან რაღაც მიზეზით მაღაზია ვერ აგზავნის, დაბრუნებული თანხა ანგარიშზე აისახება 5-7 საბანკო დღის განმავლობაში. არის შემთხვევები, როდესაც შეძენილი ნივთებიდან ნაწილი მიუწვდომელია, ესეთ დროს მაღაზია ანაზღაურებს მათ წილ თანხას და ასევე აისახება 5-7 დღის განმავლობაში.
აქვე მოგაწვდით მაგალითს, თუ როგორ უნდა გამოითხოვოთ გაუქმებული შეკვეთის წერილობითი დასტური: (გამოტოვილი სივრცე შეავსეთ შესაბამისი დასახელებებით):
Dear ……… ,
My payment for the order No ……… was declined by your billing system.
Please be so kind to email a proof of cancellation as an evidence for my credit company.
Thank you in advance.
Respectfully,
…….. …………..
N.B. კარგად ინფორმირებული ადამიანი - დაცულია. იშვიათად ხდება, რომ ონლაინ შესყიდვისას ფინანსები იბლოკება ორჯერ (ერთი და იგივე ოდენობით). ნუ შეგეშინდებათ, როდესაც შეკვეთის გაფორმებისას დაბლოკვასა და შემდგომში ჩამოჭრას შორის შუალედი ხანგრძლივია, სისტემა მეორედ ახდენს თანხის დამუშავებას. 2 ბლოკიდან ჩამოიჭრება და გადაირიცხება მხოლოდ ერთი. კორექტირებისათვის დაუკავშირდით ბანკის ქოლ ცენტრს, აუხსენით ვითარება - აუცილებლად დაგეხმარებიან. ასევე ზოგი მაღაზია წინასწარ, ანგარიშის ქმედითუნარიანობის გადასამოწმებლად, ბლოკავს 1$-ს. ეს თანხაც ერთი თვის შემდეგ ავტომატურად დაბრუნდება თქვენს ანგარიშზე.