Back To Top

foto1 foto2 foto3 foto4 foto5
The first online shopping guide in Georgia

TOP.GE



ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები ისტორიულად მუდამ პოპულარული იყო და სხვადასხვა მაგიური ძალის მფლობელად აღიქმებოდა. დღემდე ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანის სილამაზე კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და ფლობის სურვილსაც აღძრავს. გამორჩეული ქარიზმა მათში ნამდვილად აღინიშნება. 

გაეცანით სახეობებსა და ლეგენდებს მათ შესახებ:(ქვების სანახავად დააჭირეთ თითოეული ტექსტის ბოლოში მოცემულ ბმულს)


აქვამარინი - ლათინურიდან "ზღვის წყალი", ისევე, როგორც ზურმუხტი, მინერალი ბერილის ერთერთი სახეობაა. შეფერილობა მოლურჯო-ცისფერი. ლეგენდის მიხედვით აქვამარინი იპოვეს ქალთევზების განძის სკივრში, ამიტომ ოდითგან იყო მეზღვაურების საუკეთესო მეგობარი და თანამგზავრი. სწამდათ, რომ მოგზაურობაში მატებდათ იღბალს და ზღცასაც ამშვიდებდა. ასევე მიჩნეულია მცველად კამათისა და სასამართლო პროცესებისას. აღვიძებს საუკეთესო თვისებებს ადამიანში: ნდობას, სიმპათიას, თანაგრძნობას, მეგობრობას. ნათქვამია, რომ მისი ძალა ორმაგდება მზის სხივებით განათებულსა და გამთბარ წყალში მოთავსებისას. მოაქვს სიმდიდრე და ბედნიერება. სხვა კრისტალებს შორის სიწმინდის ხარისხით აქვამარინი ყველაზე სუფთაა და გამჭვირვალე. მოიპოვება მოზამბიკსა და ბრაზილიაში. ასტროლოგიურად შეესაბამება თევზებსა და ვერძს (მარტის თვე). Aquamarine



ზურმუხტი - იგივე სმარაგდა (ბერძნული ენიდან, მწვანე) ასევე მინერალი ბერილის ნაირსახეობაა. შეფერილობის ხარისხი განსაზღვრავს ძვირფასი ქვის ფასს. მკვეთრი, მკაფიო მწვანე - ნამდვილი ზურმუხტია, უფრო მკრთალი ფერის კი შედარებით იაფი ბერილი, თუმცა განსხვავება საკმაოდ რთულია და ლაბორატორიულ დონეზე ხდება.
ანტიკურ ხანაში ამბობდნენ, რომ "არაფერი მწვანე არ არის უფრო მწვანე, ვიდრე ნამდვილი ზურმუხტი". ხანგრძლივად უყურებდნენ მხედველობის გადაძაბვის, თვალის კუნთის დაჭიმულობის მოსახსნელად, სტრესისგან გასათავისუფლებლად. პირველი ცნობილი ზურმუხტის მაღაროები იყო ეგვიპტეში, ჩვ.წ,აღ-მდე 1700-330 წლებში, კლეოპატრას ფავორიტი და მისი სამკაულის მთავარი მოსართავი. ლეგენდის მიხედვით ენის ქვეშ მოთავსებული ზურმუხტი მფლობელს მომავლის ჭვრეტის უნარს ანიჭებდა და ავი შელოცვებისგან იცავდა. კურნავდა ისეთ დაავადებებს, როგორიც იყო ქოლერა და მალარია. ააშკარავებდა შეყვარებულის ფიცის ჭეშმარიტება-სიყალბეს და მჭევრმეტყველების უნარს ავითარებდა. სხვა ლეგენდა გვამცნობს, რომ ზურმუხტი იყო ღვთის მიერ სოლომონისათვის გადაცემული 4 თვალიდან ერთერთი. ასევე მოიპოვებოდა სამხრეთ ამერიკაში. პერუელი ინკების უკანასკნელი მეფის, ატაჰუალპას ცნობილი "ანდების გვირგვინი" გადმოცემის მიხედვით შედგებოდა 450 ზურმუხტისაგან და იწონიდა 1523 კარატს. ასტროლოგიურად შეესაბამება მაისის თვეს, კურო/ტყუპები. ქორწინების მე-20 და 35-ე იუბილეების სიმბოლოა. EMERALD



ლაზურიტი, იგივე ლაპის ლაზული (ლურჯი ქვა), ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლიდან იღებს დასაბამს. სახელწოდება 2 ნაწილისგან შედგება: ლაპის - ლათინურიდან, ქვა და ლაჟვარდი "lazhuward" - არაბულიდან "ზეცა".
ეს სოდა-კალციუმ-ალუმინის მინერალი სხვებთან ერთად კირქვაზე წარმოიქმნება. მისი კრისტალები მუქი და მკაფიო ლურჯი შეფერილობისაა. ლაზურიტის მთავარი მეხოტბე იყო ძველი ეგვიპტე. ტუტანხამონის ოქროს სარკოფაგი უხვად იყო მოოჭვილი ლაპის ლაზულით, უმეტესად სკარაბების ნაკეთობებში. ეგვიპტის მშრალი და ერთფეროვანი რელიეფისთვის მინერალის კაშკაშა სილურჯე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. იყო სიმართლისა და გულწრფელობის სიმბოლო. ასახავს სიბრძნეს და საღად განსჯის უნარს, ცოდნის შეძენისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას ზრდის.
ისტორიულ სპარსეთსა და კოლუმბამდელ ამერიკაში ლაზურიტი მიესადაგებოდა ცის კაბადონს, იცავდა სიბნელისა და ავი ძალებისგან. ბუდიზმში აღიარებულია, როგორც შინაგანი, სულიერი წონასწორობის მომგვრელი საშუალება. ძველ საბერძნეთსა და რომში, შუა საუკუნეების ევროპაში ფართოდ გამოიყენებოდა ფასადებისა და ინტერიერის მოსაპირკეთებლად. ასტროლოგიურად შეესაბამება სექტემბერს (ქალწული) LAPIS LAZULI



პერიდოტი, არაბული ენიდან "Faridat- ძვირფასი თვალი", ყოველთვის ასოცირდებოდა სინათლესთან. ძველი ეგვიპტელები მას მზის თვალს უწოდებდნენ და წყვდიადისაგან მხსნელად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით თუ ოქროს ბუდეში იჯდა. წარმოიქმნება დედამიწის სიღრმეში და ზედაპირს ვულკანის საშუალებით აღწევს. არის მეტეორული წარმოშობისაც, თუმცა უიშვიათესად. უძველესი ლეგენდა გვამცნობს, რომ პერიდოტი პირველად ამოიღეს ეგვიპტეში, წითელი ზღვის კუნძულზე "ტოპაზიოსი" (ახლანდელი ზაბარგადი) და საკმაო დროის განმავლობაში ის ტოპაზის ნაირსახეობად ითვლებოდა. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ კლეოპატრას ზურმუხტების ცნობილი კოლექცია სინამდვილეში სწორად პერიდოტი იყო, რადგან ამ ორ ძვირფას ქვას მსგავსების გამო ერთმანეთში ხშირად ურევდნენ. საუკუნეების განმავლობაში ასევე ფიქრობდნენ, რომ გერმანიაში ქ. კოლონის/კიოლნის ტაძრის სამი წმინდა მეფის აკლდამა შემკული იყო 200 კარატიანი ზურმუხტებით, რაც საბოლოოდ კვლავ პერიდოტი გამოდგა. მისი შეფერილობა ღია/მუქი მწვანე, ზეთისხილისფერი ან მოყვითალოა. ლონდონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში 146.10 კარატიანი პერიდოტის ქვა ინახება. ასტროლოგიურად შეესაბამება ლომსა და ქალწულს. PERIDOT